დიდხანს ელოდა "ყვითელ რაშს"(როგორც თვითონ უწოდებდა) წვიმაში მდგომი. გაუმართლა, ავტობუსი ნახევრადცარიელი მოვიდა. სწრაფად აირბინა და საფულე გადახდის აპარატს დაადო. ბილეთი ჩამოხია და იქაურობას თვალი მოავლო. კართან ახლოს მოთავსდა განაპირა სკამზე. ასე უფო კარგად შეეძლო მგზავრთა სახეებს დაკვირვებოდა. მთლად ამინდის ბრალი არ უნდა ყოფილიყო მათი ქუში სახეები. ეს ცოტა არ იყოს თრგუნავდა ახალგაზრდას. ამიტომაც მყისვე ფანჯრისკენ გადაჯდა და სველ გზას დაუწყო ყურება. ესეც მოსწყინდა. ზოგადად წვიმა არ უყვარდა.
ისედაც დაძაბული იყო. ცალკე ეს ამინდი, ცალკე გაკაპასებული ქალების ჩხუბი დილით, რომელსაც სამარშუტო ტაქსში შეესწრო. გაოცებული უყურებდა სახე გადაშლილ არსებებს, ასე უმოწყალოდ რომ ლანძღავდნენ ერთმანეთს სრულიად არაფრის გამო. უკვირდა გარშემომყოფთა ინდიფერენტული დამოკიდებულება. ზოგიერთი სეირის მაცქერალის სახეზე დანახულმა ღიმილმა კი კინაღამ ჭკუიდან შეშალა. ქალების წიოკი ჯენტლმენმა მძღოლმა ჩააცხრო რეპლიკით: "გავაჩერებ ახლა და მოგიტყნავთ ყველაფერს თუ არ გაჩერდებით!" "დაუჯერეთ, "ისპალნიწელია"!- სიცილით ამოიხრიალა ვიღაცამ უკნა სკამიდან. საოცარი რეაქცია მოჰყვა ამას მოჩხუბრებში. მყისვე ყურებად იქცნენ, ეს ხომ არ მოგვესმაო. მძღოლმა ჩამოვარდნილი სიჩუმით ისარგებლა და სიბრძნე გაგვიზიარა: "ასე უნდათ მაინცდამაინ ამ ჩამოთრეულებს". ეს კი ნამდვილად ვერ აიტანეს სახეალეწილმა "მანდილოსნებმა", მყისვე გააჩერეს "მარშუტკა" და პროტესტის ნიშნად დემონსტრაციული წყევლა-კრულვით ჩავიდნენ ქუჩაში.
ამის გახსენებამ უფრო მოუჟამა გუნება. გულის ჯიბეში შენახული ყურსასმენები ხელის სწრაფი მოძრაობით მოირგო და მოხერხებულად მოკალათდა. . . ჯიბეზე ხელი დაიდო და თითებით Play- ის ღილაკი მოძებნა შარვლის გარედან. დააწვა და თვალები დახუჭა, სკამის საზურგეს მიეყრდნო.
"დაიწყო!"- გაიფიქრა და უმალ სწაფი, ენერგიული მუხტი გადმოიღვარა ყურსასმენიდან, გულისკენ წავიდა. თითქოს მკერდი გათბა და სისხლი რაღაც ძალიან ცხელით დაიმუხტა. სითბო ფეხებისკენ დაიძრა და გაყინულ ტერფებს საშუალება მისცა რითმს არ ჩამორჩენოდნენ. ჩუმად აჰყვა თავიდან დრამს, ტუჩებით კი სიმღერის ტექსტის გამეორება დაიწყო. ამ ყველაფერს კი ისე აკეთებდა, რომ ვერცერთი მგზავრი ვერ ამჩნევდა იმ ენერგიას, რაც ახლა მისგან მოდიოდა. მხოლოდ წუთნახევარი გაგრძელდა ეს ჩუმი რევოლუცია მის ორგანიზმში.
"სოლო!"- დაიყვირა უცებ და ფეხზე წამიჭრა. მარცხენა ხელის ცერა და საჩვენებელი თითები მუცელთან ისე დაიჭირა, თითქოს მედიატორით უკრავდა, მარჯვენა ხელით კი აკორდების აღება დაიწყო. მიხედავად იმისა, რომ დაკვრა არ იცოდა, მთელი მონდომებით ამოძრავებდა ხელებს წარმოსახვით გიტარაზე. ის ამ მომენტში მიხვდა, რომ დაანგრია საზოგადოების მიერ დაწესებული ყველა ნორმა, დაამსხვრია ყოველგვარი ჩარჩო, რას მას ზღუდავდა და სადღაც გულის სიღრმეში წამით შერცხვა, მაგრამ იმდენად ძლიერი იყო როკ-ენ-როლის მაგიური ენერგია, ეს ფიქრებიც წამსვე დაივიწყა. საკუთარმა პროტესტმა მიძინებული და ჩუმი გარესამყაროს მიმართ ძალა შეჰმატა და მთელი სხეულით გადაეშვა მუსიკის მორევში.
Hey, New York City! Allright, New York City!- აჰყვა ვოკალს მთელი ხმით. ეს იყო გულიდან წამოსული ძახილი, რომელმაც ფოლადივით გაჰკვეთა წარმოსახვითი ფარი, რომლის ქვეშაც იმალებოდა ავტობუსს შეფარებული ხალხი. გამოაფხიზლა მათი მიძინებული სულები და აიძულა, სულ რამდენიმე წამით მაინც მოესმინათ მუსიკა, რომელიც მხოლოდ მას ესმოდა ამ წამში.
"ვინაა? გიჟია თუ რა? რამ გააცოფა, რა აღრიალებს?"- ეკითხებოდნენ ერთმანეთს გაკვირვებული სახეებით. ზოგიერთი ღიმილით ადევნებდა თვალს. უკანა სკამებზე ჩამწკრივებული 12-13 წლის ბიჭ-ბუჭები წინ გამოვარდნენ ფაცი-ფუცით და მობილურებს დაავლეს ხელი.
"აუ ხვალ ამას ავტვირთავ! ხალხს ვაპრიკოლებ!"- თითოეულს ეს უტრიალებდა თავში. ერთმა ჭკვიანმა სათაურიც კი მოიფიქრა წამში! "აუ, ადმინ, პირველ გვერდზე დადე რა! მაგარი კაიფია! :D:D:D:D LoL:D:D:D. წამსვე მოიხიბლა თავისი გონებამახვილობით და გაეცინა.
"ჩვენ დროს სულ სხვა ახალგაზრდობა იყო! წესიერი, მორიდებული, ზრდილი"...- წამოიწყო მოხუცმა ბებომ წინა რიგში.
მძღოლმა უკანა ხედვის სარკეში შეავლო ბიჭს თვალი და უბრალოდ გაეღიმა. "კაია, რო არაფერს ამტვრევს ეს შობელძაღლი!"- გაიფიქრა და ფანჯრიდან ვიღაცას გასძახა: " სად იყურები შე ოჯახაშენებულო, ვერ ხედავ რომ..."
ახალგაზრდა ამასობაში გიტარიდან დრამზე გადაერთო და უმოწყალოდ დასცხო წარმოსახვითი ჯოხები არარსებულ, მაგრამ მისთვის ასე რეალურ თეფშებს. დაელოდა კიდევ ერთ სოლოს და ამჯერად საქსაფონს დასწვდა. წელში მოიდრიკა, სახე ლამის გულზე მიიბჯინა და წამსვე ისე გასწორდა და გაიდრიკა წელში, ტანმოვარჯიშეებსაც შეშურდებოდათ. ტექსტაც არ ივიწყებდა, მთელი ხმით მღეროდა, თუმცა ექსტაზში იმდენად შესულიყო, რომ საკუთარი ხმა არც კი ესმოდა. ის ამ მომენტში ვერ ხედავდა საზოგდოების ნაღები წარმომადგენლების სახეზე გამოსახულ ირონიას თუ დაცინვას. ის ახლა სულ სხვაგან იყო. აქედან სადღაც შორს, ძალიან შორს... სადაც არ არსებობს არავითარი შეზღუდვა, პრობლემა თუ აგრესია... სადაც ყველას ერთმანეთი უყვარს და პატივს მიაგებენ. იქ, სადაც ყველას ერთი საზრუნავი აქვს: ხელოვნება და სიყვარული, თუმცა იქ ეს ორი ცნება ერთმანეთის იდენტურია და სინონიმებად გამოიყენება.
"ახლა კი, კლავიატურის დროა! ვნახოთ, რა შეუძლია პიანინოს, რამდენად მოახერხებს მსმენელის მონუსხვას"- თქვა უმისამართოდ და საოცარი სისწრაფით აამოძრავა თითები... ეს იყო ფანკიც, ჯაზიც და ყველაფერიც მისთვის. ამის გაფიქრებაზე სახე გაებადრა და ხალხს გახედა. მისი მზერა ამბობდა: "ნახეთ, რა სუფთად და სწრაფად შევასრულე! არ ვარ აპლოდისმენტების ღირსი?" ამასობაში სიმღერაც დამთავრდა და იძულებული გახდა გაჩერებულიყო. წარმოსახვითი სამყაროდან უეცრად დაენარცხა მიწას. წააწყდა რა ირონიას, უცებ შეცბა და დაუცველი გახდა...
მაშინ კი იფეთქა სიცილმა. ეს არ იყო ჯანსაღი, ჭეშმარიტი სიცილი. ეს იყო დაცინვის ნიაღვერი, რომელიც დაატყდა თავს ახალგაზრდას და მიწაში ჩაძრომა მოანდომა. ბრბო ხომ ექსპერტია წაქცეულისათვის წიხლის დარტყმის საკითხში.
და უეცრად თვითონაც ყველაფერს მიხვდა და სიცილი აუტყდა, ოღონდ ეს უფრო სიმწრის სიცილს ჰგავდა. ბიჭის ამგვარმა რეაქციამ ყველა გააკვირვა. ზოგიერთებმა გვერდზე მჯდომებს გადაულაპარაკეს: "ხო გეუბნებოდი?"- და ისტერიკული სიცილი განაგრძეს.
-რა გაცინებს შე უბედურო, რა?- მიმართა მოხუცმა კაცმა ახალგაზრდას.
-მე თქვენზე მეცინება!
-რა გვჭირს შენი სასაცილო, ბიჭო?- დაუძაბა შუახნის მამაკაცმა, კუბოკრულ ზედაში გამოწყობილმა
-სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს! თქვენ მე დამიცნით ჩემი არასაზოგადოებრივი საქციელის გამო, არადა არასდროს დაფიქრებულხართ, ვინ ადგენს ამ დოგმებს? ისევ თქვენ! რა არის თქვენი ცხოვრება? სხვა არფერი თუ არა მუდმივი ერთფეროვნება და ცრუ ზრუნვა ერთურთზე, ხოლო რა წამს ვინმე თქვენზე წინ წავა რაღაც დოზით, მაშინვე ხატზე გადასცემთ და მიწაზე დაანარცხებთ. თქვენ მუსიკას მხოლოდ უსმენთ! გესმით, მხოლოდ უსმენთ! მე კი მას შევიგრძნობ მთელი არსებით და ბედნიერი ვარ! როდის აჰყვეით მელოდიას ჩემსავით, როდის იგრძენით ბოლოს ხელოვნება ასე ახლოს? ოდესმე გიტირიათ იმის გამო, რომ კომპოზიცია მთავრდება და გული გწყდებათ, რომ პირველად არ უსმენთ მას!? გქონიათ განცდა, რომ ხელოვნება გაკეთილშობილებთ და ამ დროს გინდათ ულევი სიყვარული გასცეთ? არა? ხოდა ამიტომაც ვიცინი! მე მეცოდებით, რამეთუ ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა და არც კი იცით რას კარგავთ. ის დრო, რასაც უაზრო კამათს ანდომებთ პოლიტიკაზე, ლიტერატურას რომ დაუთმოთ, მიხვდებით რაოდენ უსახურია ეს წვრილმანი პრობლემები თქვენს ირგვლივ და უეცრად იგრძნობთ ძალას მათთან საბრძოლველად. დამცინეთ, ნუ მოგერიდებათ, სხვისი შეხედულებების მონა მაინც არა ვარ. მე სრული თავისუფლება მაქვს მუსიკის შეგრძნებისას და მას თქვენი ქილიკი ფრთებს ვერ დაუმსხვრევს.
ავტობუსი გაჩერდა. ბიჭმა ჩანთა გაისწორა და კიბეებზე ჩაირბინა. ავტობუსში გამეფებული სიჩუმე ყურში ცუდად მოხვდა. ყურსასმენები მოირგო და კვლავ Play-ის ღილაკს დაუწყო ხელით ძებნა.
P.S. ალბათ ისიც გაინტერესებთ, რას უსმენდა ახალგაზრდა იმ დროს! აჰა ბატონო...
P.P.S. უცენზურო გამონათქვამისათვის ბოდიშს გიხდით, მაგრამ მინდოდა საზოგადოებაში გამეფებული სიტუაცია მთელი სიმწვავით შეგეგრძნოთ...
http://www.youtube.com/watch?v=GIPQtelKN28&feature=related -ეს ნახე. ამის მოსმენისას ახლაც საოცრად მაბარძგალებს. ნანახი გექნება ეს ფილმი.
ReplyDeleteმუსიკის აღქმა გაქვს, ნუ იტყვი, რა :) ფინალს რახელა გამბედაობა უნდა! რამდენი რამეა სათქმელი და ვერ ვამბობ :D
ზოგჯერ მეც მინდება ასე გავაკეთო, მაგრამ არ ვაკეთებ :(
ReplyDeleteვიცი, აქ არ უნდა დავწერო, მაგრამ ახალ პოსტებს ველოდები სასწრაფოდ!
ReplyDelete