Pages

Wednesday, March 30, 2011

მე- ხედვა გარედან

  
მითვლემილს უეცრად გაფხიზლებს ჩოჩქოლი. თვალი მაშინვე მინიტორისკენ გაგირბის და ხვდები, რომ ეს-ესაა სიკვდილმა ჩამოიხედა დედამიწაზე და აქ მოვიდა, პირდაპირ შენს წინ. სწრაფად დგები და ექრთნის დავალებას არც ელოდები, ისე გარბიხარ ექიმების საორდინატოროსკენ.
     როგორც ყოველთვის, ბოლომდე მისვლას ვერ ასწრებ, რადგანაც მას არასდროს სძინავს ღრმად. შუა დერეფანში შეეჩეხები და აჩქარებით ეუბნები: "...ძეს ასისტოლია აქვს. CPR-ი დავიწყეთ." ექიმი ხმას არ იღებს. შედის თუ არა დარბაზში, ყველას თვალი მისკენ მიიქცევა.
     -"ადრენალინი ცენტრალურში, დეფი მოამზადეთ, ტემპი არ დააგდოთ!" მისი გონება ამ დროს სრულიად ნათელი და საღია. სიციცხლის დამცველი სიკვდილთან ბრძოლაში ებმევა.
      -"შეეცვალე!"- წააწყდები მის მზერას და საწოლისკენ ინაცვლებ. ახლა შენი დროა შავ აჩრდილს აღუდგე წინ. ის კი ალბათ ამ დროს სადღაც იქვეა და ჩუმად იცინის, შეიძლება დასასრულს წინასწარ ხედავს. მასავით წინასწარ ხედავს ექიმიც.
     "დინამიკაში დამძიმდა, ბოლო საათებია ტემპერატურამ აუწია 37დან 39მდე, დამწევმა არ იმოქმედა. თანაც ასაკი, თანაც ასეთი დიაგნოზი..." მაგრამ მან უნდა განაგრძოს.
       "ერთი, ორი, სამი, ოთხი"... ითვლი ისე, რომ შენი ბუტბუტი ყველას ესმის. იდაყვში გაშლილი ხელებით მთელი ძალით აწვები, თვალებით მონიტორს უყურებ. "ნორმალური სიღრმეა, კარგად მიყვები"
       -"ოცდაცხრა, ოცდაათი. ჩაასუნთქე!"
        "რითმი?"
       - "ასისტოლია!".
        -"ვაგრძელებთ! 3 წუთი გავიდა?"- კითხულობს ექიმი
        ექრთანი თავს უქნევს და დოზას კათეტერში უშვებს...
        ისევ დაწოლა, ისევ მონიტორი, ისევ რაღაცის იმედი...
        ასეთ დროს არაფერზე ფიქრობ. პაციენტი შენთვის ადამიანი აღარ არის. ის უბრალოდ მულაჟია. ისეთივე როგორზეც პრაქტიკა გაიარე, ოღონდ უფრო დახვეწილი, შეიძლება ითქვას სრულყოფილიც.
        დახედავ მის სახეს და გიკვირს: "რა ჯანდაბა მჭირს? ადამიანუობის აღარაფერი შემრჩა?"
        მხრებში წვას გრძნობ, იდაყვები გტკივდება, მონიტორზეც ზეწოლების სიღრმემ იკლო.
       "შემეცვალე!"- ამბობ უმისამართოთ.
       ზურგს უკან სუნთქვას იგრძნობ და გვერდზე დგები.
       "ერთი, ორი, სამი, ოთხი"... ახლა სხვა იწყებს ბურდღუნს.
        "რითმი მაჩვენეთ!"- ისმის ექიმის ბრძანება.
         ყველა ჩერდება და მონიტორს აცქერდება.
         "ფიბრილაცია"- წამოსცდება ახლად მოსულ პრაქტიკანტს.
          "საწოლს მოშორდით! წაუსვი! ვმუხტავ!"
          ყრუ ხმა გესმის და პაციენტის გულ-მკერდი ოდნავ მაღლა იწევა.
          "ვაგრძელებთ!"
           თითებს აჯვარედინებ და ისევ იწყებ.
           "ერთი, ორი, სამი, ოთხი"... ისევ ასისტოლია....
            "დრო?"-საათს დახედავს ექიმი
            "20 წუთი!"-მოისმის პასუხად
            "აზრი არ აქვს! გაჩერდი!"
            შეშდები და უკან იხევ. ხვდები რომ წააგე...
            "გარდაცვალების დრო 03:53. ისტორიაში შეიტანეთ.  პატრონების ნომერი ვის აქვს? მომეცი!"- ტელეფონს იღებს და კლავიატურას აწკაპუნებს. შემდეგ საორდინატოროში გადის.
           "მოგეხმარო?"
           "იყოს, გოგები აქ არიან."
            ვერაფერს ვერ გრძნობ, არაფერზე არ ფიქრობ. თავისუფალ სკამზე ჯდები....
           15-20 წუთში თვალებაწითლებული ქალი შემოდის, გვერდით გაფითრებული კაცი მოჰყება. ქალი საწოლისკენ მიდის, კაცი კი ექიმს ესაუბრება. ხმა არ გესმის, მაგრამ ხვდები ექიმის სიტყვებს. ხმა რა საჭიროა? ყველაფერი მის სახეზევე იკითხება. მამაკაცი თავს ხრის, ექიმი მხარზე ადებს ხელს...
          ქალი საწოლთან მოთქვამს, რაღაცას ლუღლუღებს. ქვითიში არჩევ სიტყვებს: "ვერ მოგისწარი დედა..."
          კიდევ არაფერს გრძნობ. თითქოს აქ ხარ და თან სხვაგან დაფრინავ. გიკვირს, ასეთი როგორ გახდი, რომ არაფერზე არ გიტოკდება ნერვები. საკუთარ გულისცემას უსმენ. საოცრად მშვიდი და წყნარია. და გიხარია, რომ ფეთქავს, რომ არ იღლება.
          ქალი კი ისევ ტირის...
          "თუ არ გჭირდები გავალ!"- ყურში უჩურჩულებ ექრთანს, რომელიც მოკუმული პირით და წყლიანი თვალებით უყურებს სურათს.
          სუფთა ჰაერზე გამოდიხარ, ღრმად ისუნთქავ. კოლოფიდან სიგარეტს იღებ. გრძნობ როგორ ჩავიდა ბოლი ფილტვებში. "2 საათია არ მომიწევია"- გაიფიქრებ და უფრო ვნებიანად მოქაჩავ. "კურილკაში" მდგომ უსახურ სკამზე წამოწვები და გაიფიქრებ: "რამ შემცვალა? თუ თავიდანვე ასეთი ვიყავი?"
         ნიკოტინი ამ აზრებსა გაგიფანტავს. იღებ ტელეფონს, ყურსასმენს ირგებ, თვალებს ხუჭავ და უსმენ: Let it be, Let it be..
         ნელნელა იძირები მელოდიაში...

3 comments:

  1. let it be! მართლაც რო არაჩვეულებრივი ფრაზაა იმ შემთხვევაში, როცა ვერაფერს ცვლი.
    გახსოვდეს, რომ ზეადამიანობისთვის ემზადები.
    კარგი პოსტია :)

    ReplyDelete
  2. მადლობა! გაიხარე!

    ReplyDelete
  3. sgt.pepper, მომეწონა პოსტი

    ReplyDelete