Pages

Thursday, March 31, 2011

ხელოვნება, რომელიც გცვლის. მუსიკა.

   სურვილები და ოცნებები მრავალგზის გვეცვლება, მაგრამ არის ისეთი რაღაც, რაზეც სულ ვფიქრობთ, ნივთი რომელიც გვინდა რომ გვქონდეს. თანატოლების უმრავლესობისთვის ეს მანქანა იყო. "18ის გავხდები თუ არა "პრავას" ავიღებ და მანქანას ვიყიდი! მე რა, მამაჩემი მიყიდის! ბე-ემ-ვეს ალბათ, კარგი გაწევა აქვს და მაგრად "აპუტიებს". და მიდიოდა გარჩევები, ვინ რას, როგორს, რა ფერს იყიდდა, რომელ მანქანას რა "მატორი" აქვს და ა.შ.
    მანქანა არა, მაგრამ ყოველთვის მინდოდა იარაღი მქონოდა. უაზრო აკვიატება არ გეგონოს ჩემო მკითხველო. მე ხომ 90-იანების შვილი ვარ. ჩემთვის ნაცნობია სროლის ხმა, შიშით მგზავრობა. გზაზე  გადმოგიდგებოდნენ "ავტომატიანი" კაცები და სად მიდიხარ მერე? ეს უკანასკნელი კი იმდენად გახშირებული ამბავი გახლდათ, აღარავის უკვირდა.
    სრულიად პატარამ, ერთხელ, ასეთი მგზავრობისას მამას ვკითხე: -"ახლა რომ ვინმე გამოჩნდეს და დაღაჩაღება დაგვიპიროს, რას იზამ?" გულის სიღრმეში ასეთ პასუხს ველოდებოდი:-"შვილო დიტო, ხომ იცი, არავის მივცემ უფლებას რამე გაწყენინოს ან რამით დაგემუქროს! რათქმაუნდა "გაზს" დავაწვები და სწრაფად გავცილდები. მანქანას ისე გავატარებ, რომ ჩვენსკენ გამოფრენილი არცერთი ტყვია არ მოგვეკაროს. ხომ იცი, ტერმინატორივით დამყავს მანქანა და რემბოსავით ძლიერი ვარ!" სანაცვლოდ მივიღე: "რა უნდა ვქნა შვილო? გავაჩერებ და გადმოვალ მანქანიდან. ჯიბეში კაპიკი ფული არ მიდევს, ჩვენი დანჯღრეული "ჟიგული" თქვენს სიცოცხლედ არ მიღირს." საოცრად უკმაყოფილო დავრჩი ამ პასუხით და მივხვდი: მამაჩემი სულაც არაა გმირი, არაა ისეთი როგორც მეგონა. და ჩემს მიერ შექმნილი მისი ხატება უმალ ნაცარტუტად იქცა ჩემსავე წარმოსახვაში. მას შემდეგ გადავწყვიტე: "18 შემისრულდება თუ არა, მაშინვე ვიყიდი იარაღს, რათა შევძლო კაცური პასუხი გავცე ყველას, ვინც ჩემ დაჩაგვრას და შეურაცხყოფას მოინდომებს!"
    "პრე-გარდატეხის" ასაკში რეპმა გამიტაცა. ვუსმენდი რითმებს, სიტყვასაც ვერ ვგებულობდი რას ამბობდნენ, რა სატკივარი გააჩნდათ. რეპი რომ "პერესტრელკებთან" ასოცირდებოდა ვიცოდი, ამიტომაც ჩემი სურვილი კიდევ უფრო ურყევი გახდა....
     დადგა მეტად უცნაური პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. კარგი ხასიათი უეცრად საშინელი ფიქრებით მეცვლებოდა. სწრაფად "ვიგრუზებოდი" გასაგებად რომ ვთქვათ. სირთულის ჟამს ყოველთვის ხელოვნებას ვეძებ მაშველად. ახლაც მუსიკას მივაშურე და ჩემ ცხოვრებაში Metal-ი შემოვიდა. იგი თანდათან მძიმდებოდა და თან მითრევდა... ისეთ საშინელებებს ვუსმენდი (რათქმაუნდა ჩემი დღევანდელი გადასახედიდან და არა ზოგადი აზრით), რაც კიდევ უფრო აგრესიისკენ უბიძგებს ადამიანს.იარაღის ყიდვაზე კიდევ ვფიქრობდი, ოღონდ ამჯერად ქუჩაში გამოვარდნას და უაზრო სროლას წარმოვიდგენდი ხოლმე. ეს ყოველივე მხოლოდ ეპიზოდურად მოდიოდა ჩემს გა-Trash Metal-ებულ გონებაში. ამ პერიოდს სიამაყით ნამდვილად არ ვიხსენებ, მაგრამ კარგსაც ყოველთვის ხაზს ვუსვამ- სწორედ ამ მუსიკის დამსახურება იყო, რომ გარდატეხის ასაკში არავისთან მიჩხუბია, ფეთქებადი ხასიათი არ მქონია და სახლიდან არ გავქცეულვარ. მუსიკა ყოველთვის მეხმარებოდა მოზღვავებული ენერგია დამეხარჯა და გარეთ ყველასთვის უსაფრთხოდ გამომეშვა.
    და ერთ დღესაც დადგა ჟამი ჭეშმარიტებისა! ზაფხულის ერთ ჩვეულებრივ საღამოს სახლში შემოსულს ტელევიზორიდან მომესმა: У Ливерпулъской четверки вечер после трудного дня. "ბიტლების" შესახებ მეტად ბუნდოვანი წარმოდგენა გამაჩნდა. დანამდვილებით მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ჯონ ლენონი 1980 წელს მოკლა მარკ დევიდ ჩეპმენმა. ის საღამო ჩემს ცხოვრებაში გადამწყვეტი აღმოჩნდა...
     გიფიქრიათ, რას განიცდიდა ჟან-ფრანსუა შამპოლიონი როცა პირველად გაშიფრა ეგვიპტური იეროგლიფები? ან ნილ არმსტონგი, როცა პირველმა დადგა ფეხი მთვარეზე? დაახლოებით მსგავსი განცდები დამეუფლა ფილმის დასრულების შემდეგ. მივხვდი, რომ ვიპოვე რასაც ვეძებდი... თუმცა ამისთვის ცალკე პოსტს დავწერ:)
     დავიწყე მოსმენა და საოცარი სითბოთი გაივსო ჩემი გული. სიყვარული და მხოლოდ სიყვარული ყველას მიმართ- მხოლოდ ეს აზრები მიტრიალებდა თავში. იარაღის შეძენა გადამავიწყდა...
გავიდა დრო და მოვუსმინე White Album-ს. ეს იყო თვითშეგნებისა და ფასეულობათა რევოლუცია ჩემ გონებაში.
    ამ სიმღერის მოსმენის შემდეგ ვიგრძენი ის ირონია, რაც მის ტექსტში იყო გადმოცემული და მივხვდი: რაოდენ ფუჭი იყო ჩემი ოცნებები იარაღზე და მის აუცილებლობაზე. მივხვდი, რომ ნამდვილი ბიტლომანი ვერ იქნება იარაღის მოტრფიალე, რადგანაც თუ ჭეშმარიტად უსმენ მუსიკას, გრძნობ მის ჯადოსნურ ძალას და სწორედ ეს გაძლევს ცხოვრების ძალას, შენ უნდა იზიარებდე იმ მოსაზრებებს რაც სიმღერის ტექსტშია.
     ხელოვნების ძალა იმაში მდგომარეობს, რომ შეგცვალოს, უკეთესი გაგხადოს, დაგხვეწოს და ჩამოგაყალიბოს. მართალია, ოსკარ უაილდი ამბობდა: "ყოველგვარი სახის ხელოვნება უსარგებლოა", მაგრამ მე გეტყვით: ხელოვნებაა სწორედ ის წყარო, საიდანაც დასაბამს იღებს ყველაფერი. სამყაროს შექმნა, ადამიანთა განვითარება, ტექნოლოგიური წინსვლა- განა ეს ხელოვნება არაა? რა ფასი აქვს ამ ყოველივეს არტ-კულტურის გარეშე?
     წუთით წარმოიდგინეთ სამყარო ჰანგების, ფერთა შეზავების, პროზაული საუფლოს,  რითმების მორევის, სინემის მაგიის გარეშე... იგრძენით სიცარიელე?
     მაშ, გახსენით გონების კარი და შეუშვით იქ ხელოვნება დიდი დოზით. დაე დაიბუდოს, ფესვი გაიდგას და გულამდე ჩაგწვდეთ, რათა ირგვლივ მიმოიხედოთ და მიხვდეთ- სიცოცხლე მშვენიერია!

    P.S. დღეს მე ყოველგვარი ხელოვნების მოტრფიალე ვარ, არ ვაღიარებ იარაღს, ვგმობ ყოველგვარ ძალადობას და რასიზმის ნებისმიერ ფორმას. ვარ პაციფისტი და ცოცხალი ბუნების დამცველი.
    ეს ყოველივე კი ერთი ჩვეულებრივი ზაფხულის საღამოს დაიწყო...
დღეს მე ბიტლომანი ვარ!

4 comments:

  1. მოვიცალე ძლივს :D
    ,,ყოველგვარი სახის ხელოვნება უსარგებლოა'' ეს სიტყვები, როგორც ვიცი არაპირდაპირად აქვს ნათქვამი :) შეუძლებელია, ასეთ დიდ ადამიანს სერიოზულად ეთქვა ეგ :)

    ReplyDelete
  2. რათქმაუნდა! ზოგადად ეგ ისეთი წიგნია, რომ ცალკე განხილვას იმსახურებს ჩემგან :) ერთ-ერთ განხილვაში წავიკითხე: " ეს არის წიგნი-პარადოქსი", შესაბამისად ყველაფერი უკუღმა უნდა გავიგოთ:)

    ReplyDelete
  3. "დორიან გრეის პორტრეტშია" როგორც მახსოვს ეგ ფრაზა და მაგ წიგნის შესავალში წერია,რომ ყველაფერი საპირისპიროდ უნდა გავიგოთ და გაგიგია კიდეც :)

    ReplyDelete
  4. კომენტარის სახით ვერაფერს დავწერ აქ, უბრალოდ, იცოდე, რომ წავიკითხე :)

    ReplyDelete