9 მაისი ახლოვდება, ჩემთვის კი იგი სევდანარევ ზეიმად აღიქმება. ვუყურებ ომის მოხუც ვეტერანებს და გული სითბოთი და მწუხარებით მევსება. როგორი ამაყები არიან ისინი ამ დღეს! ალბათ მთელი წელი ელიან ისინი ზეიმს, რათა ვინმემ მაინც გაიხსენოს მათი ამაგი და თუნდაც უბრალოდ მადლობა უთხრას. ბაბუაჩემი, ლადო ივანიჩი, როგორც მას ახლობლები ეძახდნენ, ერთ-ერთი მათგანი გახლდათ. ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ ელოლიავებოდა საკუთარ მედლებს და ყოველთვის მეუბნებოდა: "ბაბუ, მედალს ფასი არ აქვს, თუ მას დამადასტურებელი საბუთი არ ახლავს! პრინციპში, მედალს არც მასთან ერთად არ აქვს ფასი! მთავარია კარგი ადამიანი იყო გინდ მედლით, გინდ მის გარეშეო." მაშინ ვერ ვხვდებოდი ზუსტად ამ სიტყვების არსს, ახლა კი მესმის...
ხშირად ვეკითხებოდი ფრონტის ამბებს, თუმცა ბაბუ ამ დროს ხანს რას მოიმიზეზებდა, ხან რას. არ უყვარდა საკუთარი ცხოვრების სისხლიანი პერიოდის გახსენება. ჩემი ძირითადი კითხვა კი მაინც ასეთი იყო: "ბაბუ, რამდენი "ნემენცი" მოკალი?" არასოდეს არ უპასუხია ჩემთვის ამ კითხვაზე. ერთხელაც, როცა გული გავუწვრილე ამ შეკითხვით, მან ასეთი ისტორია მიამბო...
"წვრთნების შემდეგ ყირიმში გამანაწილეს "პეხოტა"-ში. არ მითქვამს, რონ ჟურნალისტი ვიყავი, თორე კანცელარიაში გამიშვებდნენ. ჟურნალისტები საერთოდაც არ მიჰყავდათ ომში ბაბუ, მაგრამ მე მოხალისედ ჩავეწერე. მაშინ ასე იყო საჭირო ქვეყნისთვის. პოლკში ახლი მისული ვიყავი, ამიტომაც სერჟანტმა მე და კიდევ ერთი ჩემნაირი სხვა პოლკში გაგვგზავნა წერილის წასაღებად. წერილს მივიტანდით და უკან დავბრუნდებოდით. საკმაოდ ბევრი ვიარეთ. ნახევარ დღეს მოვუნდით უკან დაბრუნებას. პოზიციაზე დაბრუნებულებს არცერთი ჯარისკაცი ცოცხალი არ დაგვხვდა. ავიაციას დაუბომბავს თურმე იქაურობა. სანგრებში დავდიოდით, ეგებ ცოცხალი გვენახა ვინმე. ამ დროს "ფრიცები"-ს თვითმფრინავის ხმა გავიგონე. დაბლა მოფრინავდა, რომ თუ კიდე ცოცხალი იყო ვინმე ბოლო მოეღო. მაშინვე "პულიმიოტ"-ს ვეცი, ბაბუ, და დავუმიზნე. გამოვკარი "კუროკ"ს, მაგრამ არ გავარდა. დამინახა "ნემეცმა"და ჩემსკენ გამოფრინდა. ისე დაბლა მოფრინავდა რომ სახე დავინახე, ულვიშიანი, არწივის ცხვირიანი გერმანელი იყო. ეღიმებოდა ჩემზე. გადამიფრინა თავზე, წრე გააკეთა და უკან გაფრინდა. გავბრაზდი და ისავ იარაღს ვეცი, ამგრამ მერე ვიფიქრე, ამ სასაკლაოზე ვიღაცამ დამინდო, ახლა რომ ვისროლო და ჩამოვაგდო, მერე რა ნამუსით ვიცხოვროთქო. მთავარი ის კი არაა, ბაბუ, რამდენ კაცს მოკლავ ომში, მთავარია რამდენს გადაარჩენ შენი კაცობით და სინდისი თუ სუფთა ჩამოგყვება სახლშიო"
მეტჯერ მისთვის ფრონტის ამბები არ გამომიკითხავს...
დღეს მუზა გეწვია? :))
ReplyDeleteბაბუაჩემარა და მამაჩემი სადაც ტყვია გავარდა ყველგან იბრძოდა და არასოდეს მიკითხავს ომზე რამე...
კარგი პოსტია ^_^
ჩემსკენ პირიქით იყო ყველაფერი. :) ფრონტიდან ბაბუმ ორიოდ მედალი და 4 ჭრილობა ჩამოიტანა :) მამაჩემი კი თავისი შეხედულებების გამო არ იბრძოდა 90-იანებში
ReplyDeleteმუზა რომელია. დღეს კიდევ 2 პოსტს მივამატებ მინიმუმ
ReplyDeleteასწრებ დღეს, ხო? (ხვალ წავიკითხავ ამას)
ReplyDelete