Pages

Tuesday, April 26, 2011

ერთგული როსინანტი

    ჩემი პირველი მოგონება, სულ-სულ პირველი, მას უკავშირდება. პირიდან მიკროსკოპული ზომის ძვალი გამოვიღე და გადავაგდე. შემდეგ კუდში ძლიერად მოვქაჩე, ჩემსკენ მოვათრიე, ზურგზე მოვაჯექი...
    პაკუსა, ჩემთვის- პაქსუ, ოჯახის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი გახლდათ. საშუალო ზომის, ჟღალი, უხვად დახუნძლული ბეწვით და კეთილი თვალებით გამოირჩეოდა. ავი არასდროს ყოფილა, თუმცა უცხოს არავის მიელაქუცებოდა. ჩემი გაჩენის შემდეგ კი ნამდვილ "კეთილ სამარიტელად" იქცა. "საწყალი, რას უძლებდა შენს ხელში!"- ამ ფრაზას მეტყვიან ხოლმე, როცა პაკუსაზე ჩამოვარდება საუბარი. "დაიჟინებდი, როსინანტიაო და მოაჯდებოდი ზურგზე, მასაც დაყავდი აქეთ-იქეთ, შენ კი იძახდი- დადეეექ! და ჩალის შუბით ხელში დაანავარდებდი ეზოში." შეიძლება თქვათ, მერე რა, ძაღლი ძაღლია და სხვა არაფერი, მაგრამ ასე არაა. პაკუსა ჩემი ბავშვობისთვის ძაღლზე მეტი იყო. ის იყო ერთგული და უღალატო მეგობარი, რომელიც ყველაფერს იტანდა ჩემგან და მისი ღრენა არასდროს გამიგონია ჩემს მიმართ. ხშირად მნახავდით, როგორ ვიკვლევდი მის პირის ღრუს და ვუთვლიდი კბილებს, როგორ დამყავდა ორ ფეხზე მდგომი, როგორ ვასხამდი მძინარეს წყალს... ეს საოცრად თბილი მოგონებებია შორეული ბავშვობიდან...
      შემდეგ იყო გაჭირვების და ავტომატების ჟღრიალის ხანა. პურის ფქვილის ვალები მაღაზიებში და 15 წუთით შუქის მოსვლას დანატრებული უფროსების სახეები. საჭმელი ისედაც ცოტა იყო და ამიტომაც პაკუსასაც მოუწია რამდენიმე კილო დაეკლო, თუმცა არასდროს დაუჩივლია ამის გამო. საკვების მოსაპოვებლად საბუდარს და მეზობლის წიწილებს არ შეჩვევია. იდგა და ელოდა პატრონის მიერ მოწოდებულ ლუკმას. რაოდენ მშიერიც არ უნდა ყოფილიყო, აგდებულ პურს არ დაიჭერდა და თავს ცირკის მსახიობად არ გაიხდიდა. დინჯად აიღებდა ულუფას და კუდის ქიცინით თვალს მოეფარებოდა... არასოდეს არ ჭამდა, თუ თვალს ადევნებდი. ალბათ ამიტომაც, ჩვენი სადილობისას არასოდეს იჯდა კარში ნერწყვმომდგარი პირით და არ უყურებდა სუფრას.
      ყურები არ ჰქონდა პაქსუს. "ქალებისთვის ჩხუბში მოაჭამეს ძაღლებმაო"- იტყოდა მამაჩემი და ეცინებოდა საკუთარ სიტყვებზე. ვერ ვხვდებოდი, რა იყო სასაცილო, გაკვირვებული მხრებს ვიჩეჩავდი. მალევე მივხვდი რასაც გულისხმობდა მამა...
      ერთხელაც პაკუსამ სახლში მაკე ძუ ძაღლი მოიყვანა. ერთ ფინიას ძლივს ვინახავდით და ახლა მუცელგაბერილი მაწანწალაც დაგვემატა. უფროსებმა სცადეს სახლიდან გაეგდოთ, მაგრამ პაკუსამ ახლოს არ მიაკარა არავინ. საჭმელიც კი თვითონ მიჰქონდა მასთან. ცოლი მოიყვანათქო- ვთქვი ერთხელ, რამაც სიცილი გამოიწვია ყველაში. ვერ ვხვდებოდი, რატომ არ შეიძლება, რომ ძაღლსაც ჰყავდეს ოჯახი და შვილები. ჩემს წარმოდგენაში ოთხფეხა მეგობარი დიდად არ განსხვავდებოდა ჩემგან. ძუმ ლეკვები მოიგო, რომლებიც  რათქმაუნდა დააჩუქეს. კიდევ რამდენიმე დღე იყო ჩვენთან და ერთი დილითაც სახლიდან წასული დაგვხვდა მაწანწალა. ასე მოამშობიარა პაკუსამ ჩვენთვის სრულიად უცხო ძაღლი...
        წლები გადიოდა, მე უკვე სკოლაში წავედი და პაკუსაც მარტო დარჩა. მოთამაშე არავინ ჰყავდა. იწვა მოწყენილი კარის წინ, ტილოზე, და ჭიშკარს გასცქეროდა. ასაკი მოემატა. ოჯახის წევრების საერთო აზრით, მას უკვე 16 წელი უსრულდებოდა. "ძალიან დაბერდა"- დააყოლებდა ბებია და მეგონა, რომ მეც 16 წლის ასაკში პაქსუსავით მოხუცი ვიქნებოდი. საკუთარი ბინა არასდროს ჰქონია. სულ კარის წინ იწვა ზამთარ-ზაფხულ. მეტად ცივი ზამთარი დაიჭირა იმ წელს. მამამ ერთ დღეში გაუკეთა ჯიხური და ეზოში დადგა, დაათბუნა, ეგებ აქ მაინც გაითბოს ბებერი ძვლები პაკუსამო. მაგრამ პაკუსა კვლავ ცივ ტილოზე იწვა ჯიუტად... მაშინ მივხვდი, თუ რას ნიშნავს: ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო.
       დაძინებისას სახლის კარს ღიას ვტოვებდით, ეგებ შემოვიდეს შემოსასვლეში და იქ მაინც დაიძინოს, ცოტა გათბება მაინცო, მაგრამ კვლავ უშედეგოდ...
       თანდათან კბილები დაკარგა, ცოტა თვალსაც დააკლდა, მაგრამ კვლავაც მოსიყვარულე და ისეთივე თბილი იყო, როგორც ადრე. ხვრინვას უმატა და ხანდახან ისეთ ტონალობებშუ ადიოდა, რომ თვითონვე ეღვიძებოდა საკუთარ ხვრინვაზე... სახლში ყოველთვის კეთდებოდა ცხელი წვნიანი პაქსუსთვის. ყველა ეფერებოდა, ალბათ უფროსები ხვდებოდნენ, მე კი რა მესმოდა? ჩემი როსინანტი უკვდავი მეგონა...
       "ახალ წელს მეკვლედ უნდა დავიბედოთო"- გადაწყდა ერთხმად ოჯახში. რა არ გავაკეთეთ 14 იანვრის დილას, მაგრამ ფეხი ვერ შემოვადგმევინეთ კარში. ბოლოს მამამ ხელის კვრით შემოაგდო სულ რამდენიმე წამით, მეტ ხანს არ გაჩერდა...
         თოვლი მოვიდა და ვიღას ახსოვდა რაიმე ამ ქვეყნად? დილიდან დაღამებამდე ციგას დავაქროლებდი ეზოში მეზობლის ბავშვებთან. პაკუსასთან სათამაშოდ აღარ მეცალა... ერთ საღამოსაც რაღაც სიწყნარე ჩამოწვა ოჯახში. არავინ ხმას არ იღებდა, ყველა დამუნჯდა თითქოს. მომწყინდა საშინლად. შუქიც არ იყო, რომ ტელევიზორი ჩამერთო. გარეთ გავედი და ავტეხე ძახილი: "პაქსუ, პაქსუ, პაქსუ!!! პაკუსა, პაკუსა"! ის არ გამოქცეულა კუდის ქიცინით და მომღიმარი სახით... მამამ დამიძახა და მითხრა:" შენ ახლა დიდი ბიჭი ხარ, და გაიგებ: პაკუსა ამ დილით ვნახე ეზოს ბოლოს მკვდარი. უკან ეზოში დავკრძალეთ, შენ რომ სასრიალოდ იყავი წასული მაშინ..."
          ისეთი შეგრძნება დამეუფლა (და ახლაც ეს განცდა მაქვს!), რომ იმ დღეს ჩემი ბავშვობაც პაკუსასთან ერთად მოკვდა და მშობლებმა ის ღრმად დამარხეს მიწაში ჩემს ერთგულ როსინანტთან...

         P.S. პაკუსა ერთადერთი ცხოველია ოჯახის მთელი არსებობის მანძილზე, რომელიც საოჯახო ფოტო-ალბომში საპატიოდ არის წარმოდგენილი, როგორც მისი სრულუფლებიანი წევრი და განუყოფელი ნაწილი.

1 comment:

  1. ჩემსას ბუთხუზა ერქვა. პატარა ვიყავი, რომ მოიყვანეს. ჯეკა დაარქვეს თუ რაღაც ასეთი სახელი. ხოდა მჯე მომინათლავს ასე :D ერთად გავიზარდეთ და სულ ერთად ვთამაშობდით, სანამ სიბრძნის ასაკში შევიდოდა. არასდროს უღრენდა მომსვლელს, თუ არ ვანიშნებდი. გამახსენდა, ახლა და ბურთი მომებჯინა. მგელზე ნაჯვარი ნაგაზიაო, ბაბუა ამბობდა. მაგის მერე ძაღლი არ მყვარებია... ვერ და რა ვქნა. ჩემი ბუთხუზა მირჩევნია ყველას, ჩემი პირველი უდიდესი მეგობარი :)

    ReplyDelete