Pages

Tuesday, April 26, 2011

მოკვდავი უკვდავის შეგონება

   თუ დავყრუვდები, შევძლებ ვიბრაციით დავინახო მუსიკა!
   თუ დავრმავდები, შევძლებ ყნოსვით გავარჩიო ნახატები ერთმანეთისგან! თითებით წავიკითხავ წიგნს!
   თუ დავმუნჯდები, საუკეთესო მომღერლად გადავიქცევი, რადგანაც კიდევ მახსოვს მელოდიის მომაჯადოებელი ძალა.
   ხელებს მომაჭრი? სულაც არ მჭირდება ისინი, რომ პიანინოზე "მთვარის სონატა" დავუკრა!
   მარტო ჩამკეტავთ? გონებაში დავწერ პიესას და ყველა როლს თავად მოვირგებ.
   გიჟად გამომაცხადებთ? ჩემს სამყაროში ყოველთვის იქნება ხელოვნების ნაპერწკალი!
   ტვინს გამომირეცხავთ? ამაზე კარგს ვერაფერს იზამთ, რადგანაც საშუალებას მომცემთ თავიდან შევიგრძნო ყველაფერი, როგორც მაშინ, პირველად!
   სანამ ერთი ნეირონიც კი იმუშავებს ჩემს თავში, ყოველთვის შევძლებ ცხოვრებით დატკბობას!
   მომკლავთ? ახალი სამყაროს შესაცნობად მოვემზადები და კვლავ ცოდნას მივიღებ!
   და თუ მე, ერთ ციდა ადამიანს შემიძლია ეს, რატომ იბრმავებ, იყრუებ და იმუნჯებ თავს? როგორ გძინავს, როცა წუთის სიცოცხლე გაქვს, და ამდენი წიგნი, ამდენი ფილმი, ამდენი ჰანგი, ამდენი ნახატი არ განგიცდია? არ გიტირია იმის გამო, რომ ეს ყოველივე ამოუწურავია და შენ უძლური ხარ ბუნების კანონის წინაშე? როგორ შეგიძლია ბედნიერად ჩათვალო თავი შენს პატარა, გამოგონილ და ილუზიურ სამყაროში, სადაც სიტყვა "ხელოვნება" მხოლოდ ლექსიკონში ამოკითხულ დეფინიციას წარმოადგენს? როგორ აღზრდი ქვეყნისთვის სასიქადულო მომავალს, როცა "სამშობლო" შენთვის რუკაზე ორ ზღვას შუა მდებარე მიწის ნაგლეჯია? თუ ილია ჭავჭავაძე, ვაჟა, წერეთელი, ჯავახიშვილი, რუსთაველი შენთვის მხოლოდ ქუჩების დასახელებაა? როცა შენი ცხოვრების აზრად სატელევიზიო გადაცემები და სერიალები ქცეულა, ხოლო მსოფმხედველობას Facebook-ის სტატუსები გიყალიბებს?
    შენ ცოცხალი მკვდარი ხარ და მე შენზე ასჯერ  უფრო ცოცხალი ვიქნები ოთხ ფიცარში მომწყვდეული!
    და სანამ შენი სული ხრწნას დაიწყებს, გაათავისუფლე გონება ბორკილებისაგან! გადაფურცლე წიგნის გაცრეცილი გვერდები, მოირგე ყურსასმენები, შეისუნთქე კინოს მტვერი, დააპურე თვალი ფერთა სიუხვით... უბრალოდ იცოცხლე!
    ხელოვნება როცა მოკვდება და გადაშენდება, მაშინ მოვკვდები მეც. ფიქრობ, რომ ტყუილა წაიკითხე ეს ყოველივე? მე შენ ახლახანს მარადიული სიცოცხლის ელექსირი მიგასწავლე!
    რას კარგავ? უბრალოდ სცადე!

2 comments:

  1. ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და ვგიჟდები სულ იმას როგორ წერ, რასაც მე ვფიქრობ o_O

    ReplyDelete
  2. არც რას :)
    რამდენი რამე მომიზღვავდა უცებ თავში :)

    ReplyDelete