რაც არ ვიცი, მაგრამ მგონია, რომ ასე იყო.
მეგობრებს დაემშვიდობე და სახლში გაუშვი. წინა ღამის ნათევს ერთი სული გქონდა სასთუმალზე თავი მიგედოდა და ტკბილ ძილს მისცემოდი. შინ დარეკე და შობა მიულოცე მშობლებს . თან დაამატე: "ღამენათევი ვარ, ხომ იცით და არ დამირეკოთ. სახლში როგორც კი მივალ დავიძინებ". შემდეგ გზა განაგრძე... სამედიცინოს ეკლესიასთან პირჯვარი გადაიწერე და ქვემოთ განაგრძე გზა, დელისისკენ... ქუჩის გადაღმა მარკეტს მოჰკარი თვალი. საოცრად მოგინდა შოკოლადი... რამდენი ხანია მისი გემო დაგავიწყდა. მარცხნივ გაიხედე, მანქანების დინებას დააკვირდი... საჭირო მომენტი დაიჭირე და ქუჩაზე გადაირბინე. მაღაზიის კართან ფეხი გაიწმინდე შესასვლელთან დადებულ ტილოზე, რომელსაც ეწერა Welkome. თუმცა იმდენად გაბინძურებული იყო, ასოები თითქმის არ განირჩეოდა. მაღაზიაში შეაბიჯე და გამყიდველს ქრისტე- შობა მიულოცე.
-ერთი ალპენ გოლდი, თუ შეიძლება!-თქვი დაღლილი ხმით.
-რომელი, დედი?- გკითხა გამყიდველმა, წინ გადმოიხარა და შოკოლადის ვიტრინას გარედან შეხედა.
-ეს!-საჩვენებელი თითი მიადე ვიტრინას.
საფულეში ხურდები ბლომად გქონდა. გადაითვალე და გამყიდველს მიაწოდე
-კარგად ბრძანდებოდეთ.-თქვი და გარეთ გამოხვედი.
ღრმად შეისუნთქე ცივი ჰაერი. ცხვირის ნესტოები გაგეყინა. ყელზე გადაგდებული კაშნე წამოიწიე და ცხვირზე გაიდაიფარე. თბილმა ჰაერმა დაანესტიანა, მაგრამ ეს გსიამოვნებდა. შოკოლადი ჩანთაში ჩადე. 50-ოდე მეტრში მიწიშქვეშა გადასასვლელს გახედე. შენი ყველა კუნთი დაღლილი იყო. საოცრად მოგინდა სახლში, ლეჩხუმში...
პირდაპირ ქუჩაზე გადასვლა დააპირე... სადგომზე გაჩერებულ მანქანებს შორის გაიარე და გზაზე გახვედი, რომ კვლავ მანქანების დინებას დაკვირვებოდი. საჭირო მომენტი დაგეჭირა... ერთადერთი, რისი დანახვაც მოასწარი, ეს თეთრი "მარშუტკა" იყო, რომელიც საოცრად ახლოს აღმოჩნდა შენთან. მისკენ შებრუნდი და ბავშვივით ხელები თვალებზე აიფარე. მერე რაღაც განათდა... დაღლა და ძილის სურვილი სადღაც გაქრა...
რაც დანამდვილებით ვიცი.
ცხოვრება უსამართლოა.
კლასში ასაკით ყველაზე უფროსი, მალე ყველაზე უმცროსი იქნები...
ვუყურებდი შენს სასახლეს, შენს შეცვლილ, დაკერილ და დაპუდრულ დახეს და გულში ვიმეორებდი: ეს რეალობა არ არის! ეს რელობა არ არის! უნდა გავიღვიძო. ალბათ საოცარ კოშმარს ვერ დავაღწიე თავი." მაგრამ არ გამეღვიძა... ღამეს გითევდით ბიჭები. ხომ იცი, გული ქვად მაქვს ქცეული, ვერ გიტირე. სამაგიეროდ ისე გავილეშე, ბიჭებმა ძლივს მიმიყვანეს სახლამდე... დღემდე ვნანობ ჩემს საქციელს.
შენთან ერთად წავიდა სიხარული ჩვენს გულებში. ნიკულინა მეუბნებოდა შენს დაკრძალვაზე: "დანაკლისს ვერ ვგრძნობ, ასე მგონია სადღაც აქვეა ნანო და წუთი-წუთზე მოვა და გადაგვეხვევა". მე ვუპასუხე: "დანაკლისს იცი როდის ვიგრძნობთ? როცა კლასელები შევიკრიბებით, და რაღაც განსაკუთრებული მხიარულება არ გვექნება, ვიღაც აშკარად დააკლდება ჩვენს თვალებს. როცა ბიჭები ნანოს სახლის კარს მივადგებით და ერთხმად დავუძახებთ, მაგრამ ის არ გამოგვხედავს. როცა ბაღში გამოვალთ, მაგრამ არავინ შემოგვეგებება. აი, მაშინ მივხვდებით რა დაგვაკლდა!"
ვუყურებდი შავოსან მღვდელს და ვფიქრობდი: "რა უნდა უთხრას გამწარებულ დედას? ბებიას? მამას და ძმას? მოეპოვება ამ ფაქტის რაიმე ახსნა?"
შენთან ერთდად წავიდა ჩემგან ის მცირეოდენი რწმენა, რაც გამაჩნდა...
პირველმა მომილოცე დაბადების დღე. როგორც ყოველთვის უკანასკნელი იყავი, ვისაც სამადლობელო მესიჯი მივწერე. პასუხად მომწერე: "ase mafaseb xo? :D:D:D" ეს წერილი დღემდე ტელეფონში მაქვს...
ვერ მოგილოცე შობა, ვერ მოგილოცე ახალი წელი... თუმცა შენ არვინ გავიწყდებოდა... ყველას ეფერებოდი და უხვ სიყვარულს უანგაროდ აბნევდი...
შენი წასვლის მერე, ისე ვცხოვრობ, თითქოს ჩემი უკანასკნელი დღე იყოს. უკეთესი გავხდი და სიცოცხლის ფასი ვისწავლე. ხედავ, ქვეყნიერებიდან წასვლის შემდეგაც კი სიკეთეს თესავ!
7 იანვარი არასოდეს იქნება ხალისით და სიხარულით სავსე...
ვწუხვარ, რომ ვერასოდეს შევხვდებით კიდევ ერთხელ...
ბედნიერი ვარ, რომ გიცნობდი...
ამბობენ: ,ღმერთს საუკეთესოები მიჰყავს თავისთანო''
ReplyDeleteეგოისტი ყოფილა, თუ მართლა არსებობს სადმე
სწორი შენიშვნაა! ზუსტად ჩემს აზრს დაემთხვა.
ReplyDeleteღმერთმა ნათელში ამყოფოს.. შემძრა მართლა და ჩავფიქრდი.. თავიდან ვერ ვედავდი კომენტარი დამეწერა.. :|
ReplyDeleteIG მადლობა კომენტარისთვის და თანაგრძნობისთვის. რადგანაც დაფიქრდი, ე.ი. პოსტმა გაამართლა
ReplyDelete