Pages

Monday, May 16, 2011

ჩემი სახლი

    მი-Tag-ული აღმოვჩნდი გრაფინიას პოსტზე, ასე რომ ვიწყებ...
    ქალაქისგან მოშორებით, მაგრამ არც ისე გადაკარგულში, ტყის შუაგულში მაქვს სახლი. ზაფხულობით საოცარი სიმწვანეა და სასიმოვნოდ გრილი ქარი უბერავს. ჩიტების ხმა მთელ ტყეში ექოდ ისმის, საოცრად რბილი და სუფთა ჰაერი კი ჰარმონიულობის შეგრძნებას ქმნის. ეზო, როგორც ცალკე ერთეული, არ მაქვს. არ მაქვს ბაღჩა და ბოსტანი. ერთადერთი, რაც გაფიქრებინებთ, რომ აქ ვინმე ჯერ კიდევ ცხოვრობს ხეებს შორის გაკიდებული ჰამაკია, გვერდით მოდგმული ტუმბოთი. ტუმბოში აუცილებლად რამდენიმე წიგნი და თხელი პლედი დევს ყოველი შემთხვევისათვის. სახლის შესასვლელ კართან აუცილებლად დგას სარწეველა სკამი და პატარა მაგიდა, რომელზეც ძველებური რადიო დგას. ამ რადიოდან ყოველთვის როკ-ენ-როლი, ბლუზი და ქანთრი უკრავს. შესასვლელ კარზე წარწერაა: "თქვენ, აქ მოსულნო, იმედები დასტოვეთ ყველა!"
     შესასვლელში ფეხის გასაწმენდად პატარა ტილო დევს, რომლის დიზაინიც Abbey Road -ის გარეკანს მოგაგონებთ. აქვეა ტანსაცმლის ხის საკიდი, მუხისგან გაკეთებული, სიძველის სუნი რომ დაჰკრავს. სახლში შემოსულთ მოგეგებებათ გოჩა, ჩემი მეგობარი კეთილი რობოტი. თავმდაბლად მოგესალმებათ, გახდაში მოგეხმარებათ და გეტყვით: "გახსოვდეთ, ეს თქვენი სახლი არაა და ისე ნუ მოიქცევით, როგორც საკუთარ სახლში!" თუ არ გაგეცინათ, რამდენიმე წამის მერე ის გეტყვით, რომ იხუმრა და თვითონ ჩაიცინებს, შემდეგ კი ჰოლისკენ გაგიძღვებათ.
     ჰოლი არის ფართო, დიდი სივრცე გეშლებათ თვალწინ. აქ არის ხის მასიური მაგიდა და სკამები ზედმეტად კონსერვატორი სტუმრებისათვის, ხოლო სულით ახალგაზრდებისთვის კი პუფები და რბილი ხალიჩა.
     აუცილებლად მექნება მუსიკალური ოთახი ფირსაკრავით და დიდი გამაძლიერებლებით. სრული ხმის იზოლაციით და სპეციალური კედლებით, რომ აკუსტიკურად საუკეთესო ჟღერადობა მივიღო. აქვეა როიალიც, გიტარაც, დრამი. კედლებზე ყველგან ბიტლზის პოსტერებია გაკრული.
       ცალკე გამოვყოფ სახლის კინოთეატრის ოთახს, სადაც მხოლოდ ინტელექტუალური კინოს სეანსები ჩატარდება ახლო მეგობრებისთვის. კინოს ოთახიდან კი პირდაპირ ბიბლიოთეკაში გავდივართ. მკრთალი შუქი იღვრება ბრებიდან და მაღალ, წიგნებით სავსე თაროების ბოლომდე ვერ აღწევს თავის სხივებს. აქვეა მოხერხებული სავარძლები, პუფები, მომცრო დივანიც. არანაირი ზედმეტი ხმა ოთახში არ იჭრება. აქ მარტო რჩები ფანაზიასთან სამყაროსგან მოწყვეტილი...
      საძინებელზე და სამუშაო კაბინეტზე ჯერ არ მიფიქრია:):)

3 comments:

  1. ჩემი სახლივით ძველი ^_^

    ReplyDelete
  2. და რა კარგი იქნება დრო რომ შენს ნებაზე იყოს, არა? :))))))))))))
    ის ფილმი ამ კედელზე. დღეს ვერ მივხვდი, მარა თავი დაგიქნიე მაინც (იშვიათად ხდება ასეთი რამ) :D

    ReplyDelete
  3. არაუშავს ომ! ახლა პოსტს დავწერ ადრე ნათქვამ ფილმზე და მერე თუდაც ქვები დამცხონ! :)

    ReplyDelete