Pages

Thursday, May 26, 2011

სიზმარი

    მძიმედ წამოიწია საწოლიდან. ფანჯრისკენ გაიხედა, მაგრამ მზის სხივებს თვალი ვერ მოჰკრა. თავი ბალიშზე დადო და გვერდზე გადაბრუნდა. მუხლები ისე მოხარა, რომ კვირისტავებით ნიკაპს მიეყრდნო. მარცხენა ხელი წვივებზე შემოივლო, მარჯვენა- ბალიშ-ქვეშ ამოდო. ასე იწვა თვალდახუჭული ოციოდ წუთი, მაგრამ ვერ იქნა და ძილი ვერ შეიბრუნა. ზურგზე გადმობრუნდა და მთელ სიგრძეზე გაიშოტა. ფეხები დაჭიმა, ხელები საბნიდან ამოჰყო და ძლიერად გაიზმორა. უცებ წამოხტა. ზედმეტად სწრაფად მოუვიდა, თავბრუ დაეხვა და თვალებში ლურჯმა ვარსკვლავებმა დაუწყეს თამაში. გული მოეწურა, თითქოს სადღაც შიგნით ცივად შეუბერეს სულიო. დაბარბაცდა და ფეხი ტუმბოს მიატყა.
    -უუუხ, მოგიტ...!- გულიანად შეიკურთხა, მაგრამ არ ტკივილი არ დამცხრალა. საწოლ-ქვეშ ფლოსტები მოძებნა. ჩაჰკრა ფეხი და სწრაფად გაიქცა სააბაზანოსკენ ტრუსების ამარა...
     რამდენიმე წუთში უკვე კომპიუტერის ეკრანს მიჯდომოდა. გაყვითლებულ თითებს შორის მბოლავი სიგარეტი მოექცია, მეორე ხელს კი, ეკრანის ანთებას მოწყურებული, კლავიატურაზე ათამაშებდა. თითებით ისეთ რიტმს გამოსცემდა, თითქოს ცხენს მიაჭენებსო ჩორთით. ტელეფონმა დაურეკა. ეკრანს დახედა და გული მოეწურა. მევალე ახსენებდა თავს. ამ ტიპის უკვე 2500 მართებდა. "რეკოს და იყოს, მაგის დედაც ...."- ჩუმად შეიგინა. ეკრანს მიაცქერდა და ყვითელ მელას დაუწყო ძებნა. გული აუჩქარდა, პირში სიტკბო იგრძნო. საოცრად მოუნდა ნერწყვის გადაყლაპვა, მაგრამ ვერ შეძლო. L-ს დააწვა. საიტის მისამართი თვითონ ამოუგდო კომპიუტერმა. "ოღონდა ახლა არ მიმატოვო, ოღონდ ახლა არა და მამის სულს ვფიცავარ მეტს აღარ ვითამაშებ. ნახევარს შენ შემოგწირავ, დანარჩენით ვალებს გავიტუმრებ და მერე რაც დამრჩება.." წამით გული გაუჩერდა, ასე მოეჩვენა. საოცარმა სიმხურვალემ დაუარა ფეხისგულებში. ხელები აუკანკალდა. კოლოფი აიღო და სიგარეტი ამოიღო. რამდენჯერმე ჩამოჰკრა სანთებელას. უცებ წამოდგა და კედელს შეახეთქა. აფეთქების ხმამ შეაკრთო, წამით მოეშვა. თითქოს მარიონეტი ყოფილიყოს, რომელსაც ეს-ესაა ძაფები გადასჭრეს, მოწყვეტით დაეცა იატაკზე. მოიხარა, მოიბუზა, თავი მუხლებში ჩარგო. ემბრიონივით გაშეშებულმა რამდენიმე წუთი დაჰყო. "მე აქ არა ვარ! მე არ ვარსებობ! ეს ყოველივე უბრალოდ სიზმარია და უნდა გავიღვიძო! უნდა გავიღვიძო უნდა გავიღვიძო". ამ ბოლო ფრაზას დაუსრულებლივ იმეორებდა და იმეორებდა.
     ტელეფონის ზარმა გაოაფხიზლა. "სვავი გრძნობს ლეშის სუნს!"- წამოდგა და ეკრანს დახედა. ახლაც მევალეს ზარს ელოდა. რამდენიმე წამი ყოყმანობდა, მაგრამ მაინც უპასუხა.
-ხო, დედა, როგორ ხარ?
-აღარ ვარ შენი მოკითხვით მოკლედ!
-კარგი ახლა, ნუ დაიწყებ...
-ბიჭო, რა მოგივა, რომ "ტრუპკა" აიღო და მოხუც დედას დაურეკო?
-ოოო, ხო იცი დედა, აქეთ სამსახური, იქით პროექტი....
-რა პროექტი? იცოდე, ახლაც თუ წინანდელივით მატყუ...
-არა დე, მამის საფლავს გეფიცები! პროექტში ჩავერთე, გითხარი წინაზე, მარა დაგავიწყდა ალბათ...ხიდის რესტავრაციას ვიწყებთ და მენეჯერად დამნიშნეს, გუშინ ვიყავი ობიექტზე და...
-გუშინ კი არა, გოგამ გიკითხა წუხელი! სადაა, ვნერვიულობო. უფროსი ეჩხუბაო, სამსახურში იშვიათად ჩნდებოდაო და ერთხელ ნასვამიც მისულხარ! ჩემი სიცოცხლე დაიფიცე, რამეს ხო არ მიმალავ?
-გოგამ რა იცის, მაგ დედამ...,-წამით მიხვდა რომ დედას ესაუბრებოდა და ხველა აუტყდა.
-რაო?
-არაფერი დედა, ცოტა გავცივდი და მახველებს. გოგამ რა იცის მეთქი. გაბრაზებულია ჩემზე, მაგის მაგივრად რომ დამნიშნეს და ახლა ჭორებს მივრცელებს.
-რა ვიცი შვილო შეწუხებული კი ჩანდა და...
-კაი რა, დედა! არ იცი ვინცაა? ვისი შვილიცაა?
-მოკლედ არ ვიცი რა მოგიხერხო რა! სულ წადი ხელიდან!
-დაიწყო ისევ! რა უნდა მომიხერხო, ბავშვი კი აღარ ვარ, ადამიანო! მივხედავ როგორმე ჩემ თავს.
-ჰმ, ბავშვი! ბავშვი მაღირსა შენი და მერე მომკლა თუნდაც. ის გოგო ნახე, ციურიმ რომ გაგაცნო ქორწილზე?
-ოოო, კაი ახლა! შემეშვი!
-კაი შვილო, კაი!
-გული რას გიშვება შენ?
-უჰ, კაი გამახსენე. წამალი დამიმთავრდა დედი. ამომირბენინე დღეს შენ კაიკაცობას!
     ამ სიტყვების გაგონებაზე ტუჩზე იკბინა ბიჭმა. ნაკბენს ენა გადაუსვა და მარილიანი მოტკბო გემო იგრძნო. ტელეფონი მარჯვენიდან მარცხენა ხელში გადაიტნა. სარკესთან მივიდა, საკუთარ თავს შეხედა. გუპარსავ წვერზე ხელი გადაისვა, ხელისგული პირზე მიიფარა. ძლიერად მოუჭირა ტუჩებს, უნდოდა მთელი ძალით ეღრიალა, მარამ კვნესა აღმოხდა მხოლოდ ფილტვებს.
-ალო! ფუ, ალო! გურამ არ გესმის? ალო! ალო!
-ხო დედა, მესმის!
-სად გაქრი, ბიჭო? მეგონა გაითიშა.
-არსად, აქ ვარ.
-ხომ მიყიდი, დედა? მე ფული არაღ მაქვს და პენსიას დააგვიანდება ჯერ. 25-ში მიწევს აღება.
-გიყიდი, დედა.
-კაი, შვილო. აღარ მოგაცდენ, სამახურში არ დაგაგვინდეს.
-კაი, დე. აბა, საღამომდე.
    ტელეფონი ყურიდან არ მოუცილებია. რამდენიმე წუთი ასე იდგა ყველასგან მიტოვებული და ზუმერს უგდებდა ყურს...
    

4 comments:

  1. აი, მიყვარს ასეთი ემოციით ნაწერი. მთლიანად რომ გითრევს და ვერ წყდები. საღოლ :)))

    ReplyDelete
  2. Momewona. gansakutrebit ganvitareba shesavlidan bolo wertilamde.
    me realobas shevaskdi saxit...
    mmmagaria

    ReplyDelete
  3. მადლობა! გაიხარეთ. სპონრანურად განვითარდა აზრი. გაგრძელების დაწერაც მინდოდა, მაგრამ ასევე დავტოვებ

    ReplyDelete
  4. არ მქონდა ეს წაკითხული...
    ვიტირე...

    ReplyDelete