Pages

Sunday, October 2, 2011

ზაფხული ბრძენკაცისა

***
ავტობუსის გაჩერებაზე იდგა მეგობართან ერთად. უცებ, აღმოაჩინა, რომ არაფერი ჰქონდა მისთვის სათქმელი. იდგნენ მდუმარედ ტრანსპორტის მოლოდინში. მაშინ ნათლად იგრძნო, თუ სადამდე მიიყვანა ჩაკეტილმა ყოფამ.

***
სიბნელეში ტბის წყალს შეერთო გახურებული სხეულით და დამძიმებული თავით. ზურგზე გაცურა და კუნაპეტ, უვარსკვლავო ცას მიაშტერდა. "თავისუფალი ვარ!"-ო გაიფიქრა უნებურად.

***
მანქანიდან გადმოვიდა. გაიზმორა და ქუჩას ნელი ნაბიჯით დაუყვა. სოფლის სუფთა ჰაერის შემდეგ დედაქალაქის მძიმე ჰაერი ღრმად შეუშვა ფილტვებში. უცებ, გული საოცრად აუჩქარდა. ბედნიერი გახდა, რომ ახლა აქ იყო და ამ მტვრიან ქუჩას მიუყვებოდა. "შინ დავბრუნდი!"-ო, გაიფიქრა.

***
სევდანარევი ღიმილით გადაკოცნა მეზობელი. ორიოდ სიტყვით მოიკითხა. "ოჯახში როგორ ხართ?"-ო, უნდოდა ეკითხა, მაგრამ ყბა ჩაეკეტა და ტუჩები მაგრად მოკუმა. მზერა შეავლო ქალის ღიმილიან სახეს. ცისფერ თვალებში საოცარ ტკივილს წააწყდა. წამით მოეჩვენა, რომ დაიკარგებოდა სილურჯის სიღრმეში. "მეჩქარება"-ო, ჩაიბურტყუნა და სწრაფად გაშორდა თანამოსაუბრეს. რა ჰქონდა სათქმელი დედისთვის, რომელსაც ერთადერთი შვილი მხეცურად მოუკლეს რამდენიმე თვის წინ?

***
ჰაერი დამძიმდა, არემარე განაცრისფრდა, ირგვლივ მტვრის სუნი დადგა. შეპარვით დაიწყო ცამ ტირილი. ის იდგა და შუბლი შეეშვირა თბილი წვეთებისათვის. ვაზის ფოთლებში გაბმულ აბლაბუდას მოჰკრა თვალი. ობობა სწრაფად მუშაობდა. (მაინც რა არის თვითგადარჩენის ინსტიქტი!) ფეხების სწრაფი მოძრაობით ქსელს კრავდა, წვიმასა და ქარს რომ არ დაეზიანებინა ბადე. უეცრად იგრძნო, რამდენადაც  პატარა ჩანდა ეს ობობა მისთვის, იმდენად უსუსური იყო თვითონაც მთელი სამყაროსათვის.

***
გზაზე მიმავალს ტირილი შემოესმა. ტირილი არა, უფრო გოდება. სიტყვები ვერ გაარჩია ამ მოთქმაში. ან კი როგორ გაარჩევდა? დაბრმავებული ყრუ-მუნჯი დასტიროდა საკუთარ ცხოვრებას.

***
შეეცადა ერთფეროვნებას გაქცეოდა. სტუმრად წავიდა მეზობელ სოფელში ნათესავთან. მალევე მიხვდა, სულ ტყუილად. ერთფეროვნება მისი წარმოსახვის ნაყოფი იყო. უბრალოდ, თვითონ არ ერეოდა საზოგადოებაში. იჯდა სახლში და კითხულობდა.

***
-ჩიტები მოიჩვიე, ბიძია?
-მოვიჩვიე? არა, უბრალოდ საჭმელს ვუყრი და მერე ყურძენს აღარ ეკარებიან. ერთხელაც საწამლავს გავურევ საკვებში, მერე მაინც მოეშვებიან ამ ტალავერს!

***
-ეჰ, ბებო! შენ დამიბერდი! არ ვიცი დალოცვაა თუ წყევლა. ყველა უნდა დაბერდეს, ახალგაზრდა არ უნდა წავიდეს წუთისოფლიდან, მაგრამ აბა, მე მკითხე! მინდა ასეთი სიბერე?
"ეჰ, ბები! 92 წლამდე მე რა მაცოცხლებს?"- გაიფიქრა, თქმით კი არაფერი უთქვამს.

***
საფლავის ქვიდან მოცინარი სახე უყურებდა. კლასელის სიკვდილმა მიახვედრა, რომ თვითონაც რიგში იდგა.
-ეს სურათი რაღაც არ მომწონს! უკანა მხარეს უფრო კარგადაა!- უთხრა მეგობარმა.
-სურათი სურათია. ცივი და უსიცოცხლო, არაფრისმთქმელი. მითუმეტეს საფლავის ქვაზე- ყრუდ უპასუხა.
"რომ მოვკვდები, თუნდაც თავდაღმა დაჰკიდონ ჩემი გვამი!"- წამით გაუელვა თავში.
ისხდნენ და სურათს შესცქეროდნენ. ბადეში გახვეული თევზებივით ირეოდა მის თავში აზრები. ვერაფერს ამბობდა. სიტყვები უძლური იყო ტკივილის, სიკვდილის წინაშე.

***
ორ მძინარე მთვრალს შორის ჩაჭედილიყო ავტომობილის უკანა სავარძელზე. თვითონაც გვარიან შექეიფიანებული ბრძანდებოდა. ყურსასმენებიდან მელოდია იღვრებოდა- Band On The Run.
ყელში ბურთი გაეჩარა, ტუჩები აუკანკალდა, ცრემლი წასკდა. წამით მთელი არსებით იგრძნო, რომ ის გენიალური დრო ჩავლილი იყო. დროის წინაშე საკუთარი უსუსურობის გამო უხმოდ ტიროდა. გაახსენდა ერთი კვირის წინანდელი, როცა ყოფილი ძმაკაცის ქორწილიდან დაბრუნებული, უფრო მეტად მთვრალი ტიროდა Oh, Yoko!- ს მოსმენისას.
ის სულ სხვა იყო. მაშინ ლენონის არყოფნის გააზრებამ აატირა. " ალკოჰოლის ზემოქმედების დროს ქვეცნობიერი თავს წარმოაჩენს, და მთვრალს იმას აკეთებინებს, რაც ადამიანს გულში ღრმად აქვს დამარხული. ნუთუ, გულისსიღრმეში მხოლოდ ტირილი მინდა?"

***
"ბაკენბარდებიანო ნაძირალავ! ვის რაში სჭირდება შენი უსუსური ფოთიალი დედამიწაზე? არავის ადარდებს, რა და რამდენი წიგნი წაგიკითხავს, ფეხებზე ჰკიდიათ შენი მუსიკაც და ცრუ მეკალმეობაც. "შენ ლერწამი ხარ ქარისგან რხეული"... თვითმკვლელობისთვის მეტისმეტად სუსტი და ლაჩარი ხარ.  რაღა დაგრჩენია? უფრო მეტი იკითხე, მეტი დაუკარი, მეტი დახატე, მეტი დაჯღაბნე, სანამ ცხოვრება ხერხემალზე არ გადაგამტვრევს- ალკოჰოლით გაბრუებული ამ სიტყვებს ბუტბუტებდა ნახევრად მძინარე.

***
"თავს თუ მოვიკლავ, ჰარაკირს გავიკეთებ აუცილებლად... თუმცა, რა აზრი აქვს? სადაა ჩემს ლეშში სული, რომ იგი ვინმეს ვაჩვენო?"- ფიქრი საღ გონებაზე.

***
საოცარი სიზმარი ეზმანა. მომავალში იმოგზაურა თითქოს. ხედავდა საოცარ ნაგებობებს, ნახევრად ადამიან- რობოტებს, რომლებიც ტელეპორტაციით და სპეცძრავით გადაადგილდებოდნენ. ადამიანებს საზოგადოების თვალში განყენებული კასტის როლი ეჭირათ და რობოტებზე უფრო შეზღუდული უფლებებით სარგებლობდნენ. საინტერესო დიალოგს წააწყდა ადამის მოდგმის შვილსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის:
-ხომ რობოტი ხარ? მითხარი, ეს ვინ, ან რამ შექმნაო- რაღაც საკითხზე ეჩხუბებოდა ადამიანი კიბორგს.
-ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს!- უემოციოდ გაეპასუხნენ მას.
-ეგაა სწორედ! რომ დავივიწყებთ ვინა ვართ და ვინაა ჩვენი შემქმნელი. უარესადაც დავეცემით- უპასუხა ადამიანმა და ზურგი იქცია. ფერადკანიანი გახლდათ ეს პიროვნება...
გაღვიძებისთანავე სცადა ჩანახატის გაკეთება ამ სიზმარზე:
"მოხდენილმა, ქერა კულულებიანმა ქალმა ჩაიმუხლა, ოქროსთმიან, პატარა ბიჭს ლოყაზე აკოცა. ბავშვმა სწრაფად მოაბრუნა თავი და ნაამბორალი ლოყა მხრით მოიწმინდა. დედას გაეცინა და სწრაფი ნაბიჯით წასულ შვილს თვალი გააყოლა. თავქვე დაეშვა, თვადახრილი მოკუნტრუშებდა. შრიალი გაუდიოდა ფეხქვეშ ყვითელ ფოთლებს. სწრაფად, მაგრამ ფრთხილად მოდიოდა ჩემსკენ. მზერა კვლავ მიწისკენ მიეპყრო და ისე მომიახლოვდა, ვერ შემნიშნა. შეკრთა და დიდრონი ცისფერი თვალები შემომანათა..."
მბჟუტავი წერტილი ჩაუქრა თითქოს თავში. წერა შეწყვიტა...

***
ძროხას წველიდა. სიამოვნებდა რძის ნაკადის ვედროს კედელზე მიხეთქების ხმა. მარჯვენა ხელი მეტისმეტად მოხარა და ძუძუდან წამოსულმა ულუფამ მარცხენა მუხლი დაუსველა. წამით შეჩერდა. იგრძნო, როგორ ჩაუარა სითბომ წვივის მთელ სიგრძეზე და კოჭთან გაჩერდა. თითქოს დახშული ნესტოები გაეხსნაო, თბილი რძის სუნი დაეტაკა ცხვირში. "ასეთი წამიერი განცდისთვის ღირს მხოლოდ სიცოცხლეო"- გაიფიქრა.

16 comments:

  1. ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე :)
    მაფიქრებ, დიტო!

    ReplyDelete
  2. შენს ნახვამდე მოვასწრებ წაკითხვას. გავრბივარ ახლა :)
    ხვალ წაკითხული მექნება :)))

    ReplyDelete
  3. რატო გაფიქრებ სალ? :)

    ReplyDelete
  4. ისე წერ, მაფიქრებ...

    ReplyDelete
  5. თვითმკვლელობის ხელისშემშლელი არ არის სისუსტე და სილაჩრე, პირიქით... თავს ლაჩრები იკლავენ!

    ReplyDelete
  6. პირიქით! საკმაოდ დიდი ძალა უნდა გაგაჩნდეს ამისთვის. სწორედ ეს უნდა იყოს თავისუფლება ჩემი აზრით. ბატონობა საკუთარ სიკვდილზე.

    ReplyDelete
  7. აუ, დავაკომენტარე და არ დაიდო? :(((( ახლა რა დაწერს თვიდან :(((

    ReplyDelete
  8. ბევრჯერ მიკამათია ამ თემაზე უკვე, ეგ აზრიც მომისმენია, მაგრამ რა ვიცი, მე არ ვთვლი ეგრე, სიცოცხლე სიკვდილზე რთულია და სწორედ მისი ტვირთის საზიდადაა საჭირო ძალაც, ინტელექტიც და ურთიერთობებიც... სიკვდილი მარტივია - პასუხისმგებლობას იხსნი ყველას და ყველაფრის წინაშე, ზუსტად ეს მიმაჩნია სილაჩრედ...

    ReplyDelete
  9. თავი ვიცანი თავიდან. მარტოსული ადამიანი რითაც უნდა დაკავდეს, მარტო რჩება. ვერაასოდეს დააღწევს თავს იმ ფიქრებს, რაც შინაგანად აწუხებს. არაა ამაში დამნაშავე არც წიგნი, არც ფილმი და არც სახლში ჯდომა. ქუჩამ აღმზარდა, მაგრამ ისევ ისეთი მუნჯი ვარ :D

    ReplyDelete
  10. tamara თუ სიცოცხლე ადამიანს ტკივილს აყენებს, მაშინ რა ქნას კაცმა? ნუ რელიგიური კუთხით თუ არ მივუდგებით

    ReplyDelete
  11. სწორი ხარ ომ... ახლა მივხვდი ამას...

    ReplyDelete
  12. რელიგიური კუთხე არაფერ შუაშია. ადამიანს, რა თქმა უნდა, აქვს უფლება, როგორც სურს, ისე მოექცეს საკუთარ ცხოვრებას, მაგრამ...
    ტკივილი... ტკივილი ვისაც არ გამოუცდია, ზუსტად იმის არსებობას არ აქვს აზრი...
    რა ქნას და საკუთარ თავში ძალა იპოვოს და იბრძოლოს! რ

    ReplyDelete
  13. თამარა, ამ ძალამდე მისვლა დიდი გმირობაა და დაკვალიანება სჭირდება ადამიანს. ადამაინტა ორი კატეგორია არსებოსბ:
    1)რომელიც ინტერესედება შენი გრძნობებითა და ცხოვრებისეული გზით: ა) შენი წარუმატებლობა უხარია; ბ) წარმატება უხარია; გ) ვისაც ჰკიდია; დ)ვინც რჩევას გაძლევს; ე) ვინც რჩევას გაძლევს, მაგრამ დარწმუნებულია რომ არ გაითვალისწინებ;
    2) რომელსაც არ აინტერესებ: ა) მაინც გკიცხავს.: ბ) მაინც გაქებს; გ) საერთოდ ინდიფერენტულია

    ReplyDelete
  14. ომარ, გეთანხმები სრულიად... მაგ ძალამდე მისვლა ნამდვილად არაა ადვილი, მეც სწორედ მაგას ვამბობ! ვინც ვერ ახერხებს საკუთარ თავში მაგ ძალის პოვნას, სწორედ ის იკლავს თავს - ადამიანი, რომელიც ამ ცხოვრების ტვირთის საზიდად ძალიან სუსტი აღმოჩნდა...

    ReplyDelete
  15. ხო, სუსტი აღმოჩნდა, შეიძლება, მაგრამ, ასეთი ადამიანი ჩემთვის მაინც გმირია. ბოლოდაბოლოს მარტივი საქმე ხო არაა ერთი ხელის აქნევით მოსწყდე იმ სამყაროს, იქაურობას, ,,სადაც არა სჯობს''. მარტივი სააქმე რომ იყოს, თამარა, მერწმუნე, ბევრი ადამიანი გააკეთებდა ამას. მაგრამ თვითმკვლელობაც ერთეულთა ხვედრია

    ReplyDelete
  16. hoda, dzalian kargi, rom erteulta xvedria... aravin memeteba amistvis :/

    ReplyDelete