Pages

Wednesday, April 6, 2011

ხელში დაჭერილი მუსიკა

    მუსიკა– ყველასთვის ერთნაირი  და  განსხვავებული თითოეულისთვის. განსხვავებულია მისი მოსმენის მეთოდებიც. ზოგისთვის ის კოპიუტერის გამაძლიერებლებიდან ისმის, ზოგიერთი ყურსასმენებით შეიმეცნებს მას, ზოგიერთი იღბლიანი კი "სერიოზული" სტერეო–სისტემით ეშვება მელოდიურ ბგერათა ნირვანაში. განსხვავებულია მუსიკის გადმოცემის გზებიც. ამჟამად MP3 ფორმატებია ზენიტში. ამ უკანასკნელმა CD დისკები ჩაანაცვლა. 90–იანებს ჩაბარდა ლენტიანი კასეტები და მანიკიური :) მანამდე იყო ე.წ. "ბაბინები", რომელთა შესახებ საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა მაქვს, მაგრამ მის შესახებ ბევრი მსმენია "35 მანეთიანთა" თაობის წარმომადგენლებისგან.
    თუმცა მე ამჯერად ფირფიტებზე, ანუ "პლასტინკებზე", ანუ ვინილზე გაგესაუბრებით. თქვენი უმრავლესობისთვის, პლასტინკა ბავშვობასთან ასოცირდება. ჩემთვისაც ასე იყო... მეც ხშირად მისვრია იგი. მიყვარდა ხმა, რომელსაც ფირფიტა გამოსცემდა ჰაერის გაკვეთისას. ტრაექტორია, რომელსაც შემოხაზავდა ლივლივით და კულმინაცია– მიწაზე დანარცხება და ნაწილებად დაფშვნა. (დღეს რომ იგივეს მოვკრა თვალი, ალბათ "გული დამარტყამს")
    რა იყო ამ ვანდალიზმის მიზანი? ამ კითხვას ხშირად ვუსვამ თანატოლებს. ბევრი ამბობს,  რომ ეს უბრალოდ ბავშვობაა და მიზეზებს მნიშვნელობა არ აქვს. თუმცაღა ყველა ბავშვურ თამაშს თავისი ახსნა გააჩნია. რატომ არის, რომ ზოგიერთი ბიჭი მანქანებზე გიჟდება, ზოგი თოფებით დარბის და გამუდმებით ომობანას თამაშობს, ზოგიერთი კი ბურთთან ერთად იძინებს და პიჟამოს მაგივრობას კი საფეხბურთო ფორმა უწევს? ეს ყოველივე, მეტ–ნაკლებად, ბავშვის შემდგომ ცხოვრებაში ჰპოვებს ასახვას.
     პირადად მე, ფირფიტის ტყორცნაში უცხოპლანეტელთა მფრინავ თეფშს წარმოვიდგენდი. როგორ მინდოდა ცოცხლად მეხილა მთელი თავისი სიდიადით და ბრწყინვალებით. ჰაერში გასროლილი "პლასტინკა" ამ ოცნებას რამდენიმე წამით ფრთებს ასხამდა... გართობის ამ მეტად უცნაურმა სახეობამ, საბოლოოდ, უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემ შემდგომ ცხოვრებაზე...
     კიდევ ერთი გამოყენება პლასტინკამ დეკორატიულ გაფორმებაში ჰპოვა. დარწმუნებული ვარ, თქვენს უმრავლესობას სახლში მოეპოვებ(ოდ)ა ფირფიტებისგან გაკეთებული საყვავილეები. პირველად ვის მოუვიდა ეს დანაშაულებრივი, მახინჯი აზრი თავში? ისტორიამ მის შესახებ ინფორმაცია არ შემოგვინახა.
     ორიოდ წლის წინ TV-ში გადაცემას ვუყურებდი ბიტლზის და ქართველი ბიტლომანების შესახებ. სტუდიაში მოწვეულმა ყველასათვის ცნობილმა ფოტოგრაფმა იმ საღამოს აღწერა პროცესი, როგორ უნდა მოისმინო ბიტლზი ვინილზე. გაოცებული მივჩერებოდი ეკრანს. ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა ჩემს ირგვლივ, მხოლოდ იმ რიტუალს წარმოვიდგენდი, თუ როგორ გავაკეთებდი მე ამას. ამ გაფიქრებაზე კი ტანში საოცარი სითბო დამივლიდა და მაძაგძაგებდა. იმ საღამოს შევძელი აზრობრივად მეგრძნო მუსიკა, მთელი მისი მომხიბვლელობით და გრაციოზულობით. იმ საღამოს მე განუკურნებელი სენი შემეყარა– ვინილომანია... და მივხვდი, მისი შერწყმა ბიტლომანიასთან ჩემს კულტურულ თვითშეგნებაზე რევოლუციურად იმოქმედებდა...
      ასეც მოხდა. ერთხელ ძმაკაცთან წამომცდა: ყოველთვის წარმოვიდგენ ჩემ თავს ფირსაკრავთან იატაკზე მჯდომს, მუსიკაში რომ  გადავეშვებითქო. მას არაფერი უთქვამს. მისი დუმილის არსს ვერ ჩავწვდი მაშინ...
       დაახლოებით 3 კვირაში დამირეკა და მკითხა: "Abbey Road" თუ "Love Songs"? ჩემთვის ეს ისეთივე კითხვაა, პატარა ბავშვს მშობლების თანდასწრებით რომ ეკითხებიან: "დედა უფრო გიყვარს, თუ მამა?"  მიხვდა, რომ მე თვითონ პასუხს ვერ ვეტყოდი და "Love Songs"-ზე შეაჩერა არჩევანი...
    4 თვის განმავლობაში ვუყურებდი ფირფიტებს და ვოცნებობდი... "პრაიგრივა--ელი" ჯერ არ მქონდა. მაგრამ დადგა დღე, როცა ვიღაც გურამას სახლში აღმოვჩნდი და ჩემი ოცნება ვიყიდე...
    შემდეგ იყო ხანგრძლივი მოლოდინი გამაძლიერებლის მოლოდინში, მაგრამ ესეც მოხდა ერთ მზიან დღეს. ვიღაცას ფული ძალიან სჭირდებოდა იმ დღეს...
     იკითხავთ, რატომ მაინცდამაინც ფირფიტა? ამას იმიტომ კითხულობთ, ჩემო კარგებო, რომ არ იცით რას ნიშნავს, როვა ვინილი ხელში გიჭირავთ  რა გრძნობაა. ამ დროს ხვდები, რომ  მუსიკა შენს ხელთაა, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით... აკვირდები ამ საოცარ დისკოს, და ის შენ გელაპარაკება... გიყვება განვლილ ცხოვრებაზე. თუ ვინაა, რა გამოიარა, რამდენად უყვარდათ მის პატრონებს და როგორ ექცეოდნენ. მასზე ხომ თითოეულ ნაკაწრს თავისი ისტორია, თავისი ტკივილი აქვს.
     ყუთიდან იღებ, მის გლუვ კიდეს თითებზე მოიქცევ, ნელა ამოაცოცებ დამცავი გარაკენიდან, ცერა თითს კი ცენტრში მიადებ, სწორედ იმ ადგილას, სადაც პაწია ნახვრეტი აქვს. როცა ცალ ხელში მოიმწყვდევ, მეორესაც მიაშველებ. ამჟამად ხელისგულებით გიჭირავს. ჰორიზონტალურად დაიჭერ და ზემოდან დახედავ, შემდეგ თვალების სიმაღლეზე ამოიტან. ნახავ, მტვერი ხომ არ ადევს. ნელა უბერავ სულს, ისე, თითქოს თოთო ბავშვს ნატკენ ადგილს უამებდე. ფრთხილად მოათავსებ ფირსაკრავზე. საჩვენებელი თითით ნემსას აიღებ და ფირფიტის კიდეზე ფრთხილად ჩამოდებ. და ესაა სწორედ Carpe Diem. ის შიშინი, რაც ამ დროს გამაძლიერებლებში ისმის, ყველაზე საოცარი ხმაა მთელს დედამიწაზე. იგი მხოლოდ რამდენიმე წამს გრძელდება. სასიამოვნო ტანჯვის წამებს ვეძახი მე მას. ამ დროს ერთადერთი, რაც თავსი მომდის: " შეჩერდი წამო! მშვენიერი ხარ".  ესაა ის დრო, როცა მუსიკის გადმოღვრას ელოდები.  და მერე იწყება....


     რას ნიშვანს ჩემთვის ვინილზე მუსიკის მოსმენა???
     სიტყვებით ვერ გეტყვით. ეს უნდა განიცადოთ!

9 comments:

  1. ჩემს მეზობელს ჰქონდა ბევრი ფირფიტა, და მე ყოველთვის მინდოდა მივწვდენოდი მისი კარადის თავს, გამეშალა იატაკზე და მერე ზემოდან მეცქირა. მერე ამ ,,დედაკაცმა'' მისგან ისე გააკეთა ქოთნები (თუმცა, ყვავილები ლამაზი იყო, უნდა აღვნიშნო), ამ ფირფიტების ყდებიც არ მინახავს, მოსმენაზე ზედმეტია საუბარი .
    მე იმ დღეს ვერ ვივიწყებ, მაინც დიტ ;)

    ReplyDelete
  2. გავიმეორებთ ამ დღეებში. გპირდები და აგისრულებ! :)

    ReplyDelete
  3. ხო იცი რო ამ დღეებში არ გამოვა :)
    იყოს, მალე :) :d

    ReplyDelete
  4. როგორც იტყვი! :)

    ReplyDelete
  5. სოფელში მაქვს ბევრი ფირფიტა, უბრალოდ თითქმის ყველაზე "ორერა" და "რიკი ე პოვერია" ჩაწერილი. ბაბუაჩემის ნაყიდია და... ამ გახსენებაზე რომ ჩავალ წამოვიღებ :))))
    ეს პოსტი ისეა დაწერილი ფირფიტებს სხვანაირად ვუყურებ უკვე ^_^

    ReplyDelete
  6. ადრე ვიღაცის ინტერვიუს ვკითხულობდი (აღარ მახსოვს ვისი, რა მნიშვნელობა აქვს), ჰოდა, ყვებოდა, როგორი წეწვა და ტაციაობა იყო ერთ ფირფიტაზე, რომელზეც სხვადასხვა რუსულ-ქართულ-საბჭოურ რაღაცებთან ერთად იყო Beatles - Girl. წარმომიდგენია, რა შეგრძნება უნდა ყოფილიყო მაშინ მათთვის ამ სიმწრით ნაშოვნი ფირფიტის ჩართვა და ამ ერთი სიმღერის მოსმენა...
    დეკორატიულ ფუნქციას რაც შეეხება, აბა, ესეც ნახე http://www.paulvillinski.com/artwork/beercan.html... ესეც დანაშაულებრივი და მახინჯი აზრია? :) რა ვიცი, ესეც ხელოვნებაა, მგონი :)

    ReplyDelete
  7. კი, ხელოვნებაა, მაგრამ კინაღამ ცუდად გავხდი... ნუ, პირადად ჩემთვის ფირფიტა პლასტმასის ნაჭერზე მეტია...

    ReplyDelete
  8. მაპატიე, მაშინ :)

    ReplyDelete
  9. :) არაფერი გაქვს საბოდიშო? მე უნდა ვიხდიდე ბოდიშს ასეთი ახირებული ხასიათის გამო! :)

    ReplyDelete